Monday, August 13, 2012

პარიზული გამოფენების კვალზე...



“Paris is always a good idea” - ოდრი ჰეპბერნის ერთ-ერთი ცნობილი გამონათქვამია. ჩემთვის, ოდრი ქალის იდეალი, პარიზი კი იდეალური ადგილია. ოდრის პარიზის სურათებს რომ ვუყურებ, დაახლოებით იგივე გრძნობა მეუფლება, რომ იძახიან ლამაზ სხეულში ლამაზი სულიაო,ოდრი პარიზში... ალბათ, მარტო ოდრი არ გახდა იმის მიზეზი, რომ ინტერესი,სურვილი პარიზში წასვლის ასეთი მძაფრი ყოფილიყო.


ბავშვობიდან ვოცნებობდი მარტო ერთადერთ ქალაქზე და დღესაც რომ შემომთავაზონ მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას წასვლა, მაინც პარიზს ავირჩევ. ხშირად ამბობენ, სადაც ჩვენ არ ვართ, იქ ყოველთვის კარგიაო, მაგრამ ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას, რადგან იქ ყველაფერი ზუსტად ისეთია, როგორც ნებისმიერ ლამაზ ფილმში, სურათში, რომელიც პარიზთან არის დაკავშირებული. იქიდან გამომდინარე, რომ 4 წლიდან ფრანგულ ენას ვსწავლობ, მუდმივად მიწევდა თვალ-ყური მედევნებინა ყველაფრისთვის, რაც საფრანგეთთან იყო დაკავშირებული. კულტურა, ხელოვნება, ცნობილი ხალხი და  მოდა, რომელსაც ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. პატარაობიდან ჟო დასენის, ედიტ პიაფის, შარლ აზნაურის და უამრავი ნიჭიერი ადამიანის წყალობით ჩემს ოცნებებში პარიზის ქუჩებში ვსეირნობდი. მიყვარდა ყველაფერი რაც ამ ქალაქს ეხებოდა. ფრანგული ენა ხომ ყველაზე ლამაზი ენაა. ალბათ, ძალიან რომანტიკოსი უნდა იყო ადამიანი, რომ ასე ჩაგითრიოს ამ ქალაქმა. ძალიან პატრიოტი ადამიანი ვარ, მაგრამ როგორც კი ჩავედი ვიგრძენი, რომ ეს ჩემი ქალაქია!!! და აუცილებლად გახდება. მე და პარიზს ძალიან ბევრი რამ გვაკავშირებს. ეს ბევრი რამ კი ჩემთვის მოდაა, ხო მოდა! პარიზში წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე გადავწყვიტე მეყურებინა, როგორ კეთდება შანელის “Haute Couture”. გაოგნებული ვიყავი ყველაფრით და გულის სიღრმეში გახარებული, იმ ფაქტით, რომ მე ვნახავდი ზუსტად იმ ადგილს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ეკრანის მეშვეობით ვადევნებდი თვალს. და, აი...გამოჩნდა ეიფელი, რომელიც ზოგი ადამიანისთვის უბრალოდ რკინის ნაგებობაა, გიდე მოპასანს უბრალოდ სძულდა იგი, მე კი პირველი შეგრძნება, რომ ჩემი ოცნების ქალაქში მოვხვდი, ზუსტად “La tour Eiffel”-მა გამიღვივა.


პატარ-პატარა ქუჩები, ყველა ადგილი, კუთხე ულამაზესი. იმის გარდა, რომ პარიზული ვოიაჟის დროს აუცილებელია ესტუმრო ლუვრის მუზეუმს, ვერსალს, ორსეის, ეიფელზე ახვიდე და მონტმაღტზე ისეირნო,ჩემთვის სხვა ღირებულებებიც აქვს ამ ქალაქს. რათქმაუნდა ეს ყოველივე ისევ მოდას უკავშირდება. თბილისიდანვე ვიცოდი, რომ Grand Palais-ში გერმანელი ფოტოგრაფის ჰელმუტ ნიუტონის გამოფენა იყო, რომელსაც პირველივე დღესვე ვესტუმრე. იგი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო მოდის ფოტოგრაფია,რომელიც გარდაიცვალა 2004 წელს.
მას ეკუთვნის ივ სენ ლორანის ძალიან ბევრი პორტერი. ნიუტონი აგრეთვე გახლავთ Yves Saint Laurent - ის ერთ-ერთი კოლექციის ფოტოების ავტორი, რომელიც 1970 წლით არის დათარიღებული.


ერთ-ერთი პირველი ფოტო გახლავთ ეს, სადაც მანდილოსანს სიგარეტი უჭირავს. მას ეკუთვნის აგრეთვე კარლ ლაგერფელდის,პიერ კარდენის, კეტრინ დენევის და ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანის ფოტოები. აქვე მინდა მოვიყვანო ციტატად მისი სიტყვები: „ზოგი ადამიანის ფოგოგრაფია არის ხელოვნება. ჩემი კი არა. თუ ჩემი ნამუშევრები მოხვდებიან რომელიმე გალერეაში ან გამოფენაზე, ეს კარგია, მაგრამ ეს არ არის მიზანი იმის რასაც მე ვაკეთებ.მე დაქირავებული იარაღი ვარ“. ნიუტონის დავმდაბლობამ ივ სენ ლორანის სიტყვები გამახსენა, როდესაც ამბობს, რომ : „მხოლოდ ბალენსიაგამ და შანელმა შეძლეს შეექმნათ თავიანთი ერა და ეპოქა, არამგონია მე მათთან ახლოს ვიყო“.
ჰელმუტ ნიუტონის გამოფენიდან გამოსულს ისევ მივიღე ინფორმაცია, რომ კრისტობალ ბალენსიაგას და კომ დე გაღსონის გამოფენები იყო. რათქმაუნდა გავარკვიე მდებარეობა და მივედი. კრისტობალ ბალენსიაგა მე-19 საუკუნის ესპანელი დიზაინერი გახლდათ, შემდგომში მოდის სახლის ბალენსიაგას დამფუძნებელი.  ივ სენ ლორანის სიტყვები, რომელიც ზემოთ ვახსენე საკმარისია ალბათ იმისთვის, რომ მიხვდეთ რა ადგილი უჭირავს მოდის სფეროში ამ ბრენდს. მისი დაარსება 1914 წლით თარიღდება.  არაერთი ფოტო და ვიდეო მასალა მაქვს ნანახი მისი ჩვენებების, კოლექციების და ყოველთვის გამოვარჩევდი მას სხვა დიზაინერებისგან. ბალენსიაგა ბალენსიაგაა და მორჩა, ზედმეტ ახსნას, კომენტარს არ საჭიროებს.  მაგრამ ყველაზე დამსამახსოვრებელი ყოველთვის 1867 წელს შექმნილი საქორწილო ქუდი გახლდათ, რაც ნამდვილად ხელოვნების ნიმუშია.


გამოფენაზე მისულს უამრავი ტანსაცმელი ვნახე, თითოეული დეტალი, აქსესუარი, საოცრება იყო. თითოეულ მოდელს თავისი ესკიზი ახლდა, ორიგინალი. ალბათ რთულია წარმოსადგენად როგორი სიამოვნება შეიძლება ადამიანმა მიიღოს, როდესაც თავად კრისტობალ ბალენსიაგას მიერ დახატულ ესკიზებს უყურებთ. მაგრამ ვერც ვიფიქრებდი რომ ჯერ ყველაფერი წინ მქონდა. გადავინაცვლე მეორე განყოფილებაში და სუნთქვა შემეკრა, გულიც უფრო სწრაფად მიცემდა. ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ის ქუდი იყო რომელზეც ახლა გესაუბრეთ. წავიკითხე წარწერაც - 1867 წელი. ეს ის არის გულში ვფიქრობდი. გადავუღე მილიონი ფოტო ყველა რაკურსით, ვერ ვჩერდებოდი, დამავიწყდა რომ კიდევ ბევრი მქონდა სანახავი. ვუყურებდი და ვფიქრობდი, ეს ხომ ის ქუდია, ამდენი წელია რომ მხოლოდ ეკრანით ვუყურებ და ვოცნებობ ოდესმე საკუთარი თვალებით ვნახო. ერთი წამით ისიც გავიფიქრე თავზე დავიფარებ და ისე გადავიღებთქო ფოტოს, მაგრამ დაცვას რომ გავხედე ჩემი ფიქრები იქვე გაქრა! ოცნება ხომ აუხდენელი უნდა იყოს, ხოდა ეს ოცნებაც ოცნებად დავიტოვე.
ბალენსიაგას დანარჩენი ხელოვნების ნიმუშები ისე დავათვალიერე, მარტო იმ ქუდზე ვფიქრობდი. არაფერი მახსოვდა. შემდეგ გადავინაცვლე მეორე დარბაზში, სადაც Comme des Garcons - ის კოლექცია იყო წარმოდგენილი სახელწოდებით - თეთრი დრამა.


ამ კოლექციით რეი კავაკუბომ განახორციელა აღლუმი და დაამახინჯა Haute Couture-ის კოდები. თეთრი დრამატული თითქმის მონოქრონული მოდელების მეშვეობით, მან ხაზი გაუსვა ცხოვრების იმ ძირითად ეტაპებს, რომელიც არის: დაბდება, ქორწინება, გარდაცვალება და ტრანსცენდენცია. ეს დრამა არის თეთრი, სუფთა, ფაქიზი, ცერემონიალური. ეს ყოველივე ნამდვილად ხელოვნების შედევრია. დიზაინერმა შეძლო სხვა კუთხით დაენახებინა ხალხისთვის, რომ თუ ნიჭიერი ხარ, ამ ყოველივეს დასასრული არ აქვს. ეს უსაზღვროა და ყველას აქვს უფლება თავისებურად წარმოადგინოს ის, რაც მისთვის საინტერესოა. ყველაფერი რაც მის სახელს უკავშირდება, ძალიან ღირებული და ძვირფასია. ასე დაანგრია Haute Couture-ის დოგმები რეი კავაკუბომ, დღეს კი მისი სახელი ერთ-ერთ ყველაზე  ცნობილ ბრენდს Comme des Garcons-ს უკავშირდება.
ასე ბედნიერმა მოვიარე საუკეთესო მოდის სახლების გამოფენები, მაგრამ პარიზში დასასრული არაფერს არ აქვს. აბსოლუტურად ყველა მუზეუმი, ყველა ღირსშესანიშნავი ადგილი რომ მოიარო, მაინც დარჩება რაღაც ისეთი, რაც არ გინახავს. ვერც კი წარმოიდგენთ ამ ადგილების გარდა, რომლებიც პარიზის და საფრანგეთის მთავარ განძად მიიჩნევა, რამდენი რამ არის სანახავი. ეს არის ქალაქი, სადაც არ გიჩნდებათ იმის სურვილი, რომ რაიმე ტრანსპორტით ისარგებლოთ.  ფეხით სიარულით ალბათ რეკორდი მოვხსენი, იმდენად სასიამოვნო პროცესია, განურჩევლად ამინდისა. ამ დღეს საოცრად წვიმდა როცა დავინახე წარწერა 31,Rue Cambon…  აქ ხომ შანელის სახლია.


მართლაც, ზუსტად ისეთი იყო, როგორიც მაშინ, იმ ვიდეოში. 6 სართული, პირველზე მაღაზია, მესამე სართულზე თავად კარლი ცხოვრობს, ბოლო სართულზე კი მკერავები, ადამიანები რომლებიც ქმნიან საოცარ ტანსაცმელს, რომელიც შანელის სახელს ატარებს. ვიტირინებში შანელის ერთ-ერთი გრანდიოზული ჩვენების ბომბეის კოლექცია იყო გამოფენილი. მართლაც რომ საოცარი კოლექციაა, შოუზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
ალბათ ფიქრობთ, თუ პარიზულ ვოიაჟზე წერს, რატომ არ გვიყვება როგორია La Joconde,რა სიამოვნებაა როდესაც ნახავ დეგას, კლოდ მონეს და უამრავი ცნობილი მხატვრის ნამუშევრებს. ამ ყოველივეს მოყოლა ნებისმიერ ტურისტს შეუძლია, მაგრამ ყველა პარიზში ჩასულს ისე არ უმართლებს როგორც მე, რადგან გარდა ამ გამოფენებისა, Louis Vuitton & Marc Jacobs -ის გამოფენის ნახვის საშუალებაც მომეცა.


ეს გამოფენა მიეძღვნა ამ ორ ადამიანს და მათ წვლილს მსოფლიო მოდის სფეროში. Marc Jacobs მოგეხსენებათ Louis Vuitton-ის სახლის კრეატიული დირექტორია. როგორ შეძლო თავიდან Louis Vuitton-მა და შემდეგ Marc Jacobs-მა სამართლიანად გაეგრძელებინა მისი საქმიანობა და გაემართლებინა მისი სახელი.  ამ ორმა ადამიანმა შექმნა ეპოქა, რომელიც დღემდე დიდ ადგილს იკავებს მოდის სფეროში.
ორ სართულზე განლაგებული იყო არამხოლოდ კოლექციები, არამედ ვიდეო მასალაც, რომლის საშუალებით იქ მოსულ საზოგადოებას ჰქონდა საშუალება გაეგო უფრო დეტალური ინფორმაცია ამ მოდის სახლის შესახებ. პირველ სართულზე წარმოდგენილი იყო მე-19 საუკუნის ჩემოდნები, ჩანთები, ტანსაცმელი. მეორე სართულზე კი წარმოდგენილი იყო ბოლო 15 წლის მანძილზე შექმნილი მოდელები, რომელიც Marc Jacobs-მა შექმნა.  აგრეთვე გადმოტანილი იყო RUNWAY-ს დეტალები, რაც კიდე უფრო საინტერესოს ხდიდა გამოფენას.
მქონდა შესაძლებლობა მენახა 50 ჩანთა მისი კოლექციებიდან. მენახა უკანასკნელი კოლექციის დეტალები, ფეხსაცნელი. აღფრთოვანებული ვარ. თუმცა ამით ჩემი ვოიაჟი პარიზში არ მთავრდება. ძალიან ბევრი დამრჩა თქვენთვის მოსაყოლი, მაგრამ ამ ყოველივეს სამომავლოდ შემოვინახავ.



პირველი პოსტია ქართულ ენაზე დაწერილი, ჩემს ბლოგზე, ისიც იმიტომ, რომ ჟურნალ ბომონდში სწორედ ეს სტატია დაიბეჭდა და მინდა ჩემი ბლოგის მკითხველებმაც წაიკითხოთ და შეაფასოთ.



14 comments:

  1. Paris is my dream <3 Would you like to follow each other?
    http://coeursdefoxes.blogspot.com/
    http://www.facebook.com/CoeursDeFoxes

    ReplyDelete
  2. ra kargad cer qartulad, dzalian momecona,kochag:*

    ReplyDelete
  3. momecona da kargi ikneba tu akrtulad daceril statiebs kidev shemogvtavazeb, carmatebebi!!

    ReplyDelete
  4. kochaag anushkebiii kochaag )) v svaiom naturee <3

    ReplyDelete
  5. hey hun dropping by to show some love!! www.youtuber247.blogspot.com

    ReplyDelete
  6. momewona, kargi postia:))mominda parizshi<3 <3

    http://fmonde.wordpress.com/

    ReplyDelete
  7. Love Paris!!! <3

    New post :D
    http://curlsandfrecklescs.blogspot.it/2012/08/finding-burberry-factory-il-paese-dei.html
    xoxo

    ReplyDelete

Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog

YOU MIGHT ALSO LIKE

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...
There was an error in this gadget